POG: გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და აქტივებს ყადაღა დაედო

POG: გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და აქტივებს ყადაღა დაედო

პროკურატურის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილია გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში.

"სასამართლო განხილვისას უტყუარად დადასტურდა, რომ 8 986.86 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების და ქმედებების განხორციელების შედეგად, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი წარმოშობის წყარო, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.

აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულმა პირადად და დაკავშირებული პირების თუ საწარმო სუბიექტების მეშვეობით განახორციელა სხვადასხვა აქტივების შეძენა, ფლობა და გადაცემა, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზება", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებისა თუ სხვა პირების დანაშაულში ჩართულობის დადგენის მიზნით.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედაა ცნობილი ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა.