
პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი წარუდგინა. შესაბამისი განცხადება პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
POG-ის თანახმად, ჯუანშერ ბურძულაძეს ბრალად ედება - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის განცხადება სრულად:
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მისთვის და მისი ნათესავისთვის გამორჩენის მისაღებად. კერძოდ, მისი მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შემდეგი ქმედებები განახორციელა:
2025 წლის იანვარში, მან და მისმა მეუღლემ 544 000 ევროდ შეიძინეს ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით, 2024 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.
ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ხსენებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითაც მან განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა".
პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.