შალვა ტიბუას ადვოკატი: ბასლანიძე ამტკიცებს, რომ იარაღი სინამდვილეში სანთებელა იყო

შალვა ტიბუას ადვოკატი: ბასლანიძე ამტკიცებს, რომ იარაღი სინამდვილეში სანთებელა იყო

ბიზნესმენ ზურაბ (შალვა) ტიბუას ადვოკატის განცხადებით, ლაშა ბასლანიძე ირწმუნება, რომ იარაღი, რომელიც მას რესტორან "ქვევრში" დაპირისპირებისას თან ჰქონდა, სინამდვილეში, სანთებელა იყო.

მისივე თქმით, ტიბუას აღნიშნული საგნის კონდახი მოხდა სახეში.

ადვოკატის განცხადებით, "ქართული ოცნების" პროპაგანდისტსა და ტიბუას შორის დაპირისპირების მიზეზი, ბასლანიძის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული იჯარის იმ თანხის არ გადახდაა, რომლითაც ის რესტორან "ქვევრის" სივრცეს ქირაობდა.

ინციდენტის შესახებ დღეს თავად ბასლანიძემაც დაწერა სოციალურ ქსელში. ის თბილისის მერ კახა კალაძეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"არასოდეს ვიზამ ისეთ რამეს, რომ ვინმეს პასუხი ვერ გავცე. გამოძიება დადებს თუ ვინ ისვრის და ვინ რითი დადის… მადლობა, ბატონო მერო, მხარდაჭერისთვის.

P.s. იარაღი რაში უნდა დაგჭირდეს იმ ადამიანთან, რომელსაც საკუთარი მამა რჩევად აძლევდა ხოლმე, რომ შვილო შენ ისეთი მშიშარა ხარ ჩხუბით არასოდეს იჩხუბებო და სჯობს სირბილი მაინც ისწავლოო რომ გაექცე ხალხსო", - წერს ბასლანიძე.

შეგახსენებთ, რომ რესტორან "ქვევრში" დაპირისპირება ლაშა ბასლანიძესა და ზურაბ ტიბუას შორის 6 სექტემბერს მოხდა.

TV პირველმა გუშინ ასევე გაავრცელა ვიდეოკადრები რომლებშიც ჩანს, რომ სავადაუდოდ, ბასლანიძე ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდება „ქვევრის“ მფლობელ ზურაბ ტიბუას და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც იგი ტიბუას ფიზიკურად უსწორდება და შემდეგ, სავადაუდოდ, ცეცხლს ხსნის.

დაპირისპირების სავარაუდო მოტივი ფინანსური დავაა.

ცნობისთვის, ბასლანძე რესტორნის ყოფილი მმართველია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.