
ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველომ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დაკარგოს.
ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა European Pravda-ს განუცხადა.
"რეკომენდაციების არ შესრულების გაგრძელების შემთხვევაში და ასევე შეფასების ჩატარების შემდეგ, ევროკომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ", - თქვა მან.
ამ მომენტისთვის, ევროკომისია ივანიშვილის მიერ გაგზავნილი წერილის შეფასების პროცესშია.
მარკუს ლამერტმა, ევროკომისიის პრესსპიკერმა გამართულ ბრიფინგზე კი "ოცნების" მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ეს დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯია და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება.
"ჩვენ ახლა საქართველოს მთავრობისგან მიღებული წერილის შეფასების პროცესში ვართ. ევროკომისია ელის, რომ საქართველო გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც მოყვანილია ევროკომისიის ყველა რეკომენდაციაში.
გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა მორიგი ნაბიჯი დემოკრატიის წინააღმდეგ - დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვით. ეს არის მორიგი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე, სასამართლო სისტემის იარაღად გადაქცევა და ზეწოლის ბერკეტად გამოყენება. ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ლამერტმა ფორმულას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.