სომხეთში დააკავეს ქართველი მებრძოლი რომელიც უკრაინაში იბრძოდა - ემუქრება რუსეთში ექსტრადაცია

სომხეთში დააკავეს ქართველი მებრძოლი რომელიც უკრაინაში იბრძოდა - ემუქრება რუსეთში ექსტრადაცია

3 სექტემბერს სომხეთის საზღვარზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

რადიო თავისუფლების ცნობით, მასზე რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, სწორედ ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით.

მათივე ინფორმაციით, კინოიანს, ამ დროისთვის, 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული და, შესაბამისად, რუსეთში ექსტრადაციის საფრთხის წინაშეა.

როგორც გამოცემა იტყობინება, სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთს უკვე შეატყობინა ქართველი მებრძოლის დაკავების შესახებ.

"ექსტრადიციის შემთხვევაში, ყველამ იცის, რა შეიძლება მოხდეს. ყველაზე კარგ შემთხვევაში, არაადამიანური მოპყრობის რისკია. მე პირადად უფრო ცუდ ფიქრებში ვარ… საქართველომ ეს არ უნდა დაუშვას", - ამბობს დაკავებულის ძმა, ვაკო კინოიანი.

"აღნიშნულის თაობაზე სომხეთში საქართველოს საელჩოს აცნობეს დაკავებულის ოჯახის წევრებმა, თუმცა, სომხეთის ოფიციალური უწყებებიდან შეტყობინება საელჩოს დღემდე მიღებული არ აქვს. საკონსულო, კომპეტენციის ფარგლებში, მუშაობს აღნიშნულ საკითხზე“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.