გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოცნება ოცნების წინააღმდეგ

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოცნება ოცნების წინააღმდეგ

ქვეყანაში პოლიტიკის ყველაზე საინტერესო და შეიძლება, საბედისწერო ფაზა იწყება - "ქართული ოცნება" უკვე საჯაროდ ებრძვის საკუთარ თავს. ეს აღარ არის უბრალოდ დაპირისპირების "ხმები კულისებიდან" და არც იარაღის გასროლის ყრუ ექო. ეს არის ტრიბუნებიდან გაჟღერებული ბრალდებები, პროპაგანდისტული არხებით გამეორებული მესიჯები და პირდაპირი სურათი კლანური დაპირისპირებისა, რომელსაც დღემდე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გადაურჩა.

ამის დასტურია ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები, როდესაც კობახიძე და ქართული ოცნების საპარლამენტო მოლაპარაკე თავები აქტიურად საუბრობენ ერთის მხრივ ოპოზიციასთან ფარულად მოთანამშრომლე, მათი "გუნდიდან გაგდებულ" ინკოგნიტო პირებზე, მეორეს მხრივ კი მათი მოქმედების მთელს პოლიტიკას აფუძნებენ წინამორბედების მიერ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ არა უბრალოდ ჩავარდნებზე, არამედ კრიმინალური შინაარსის საქმიანობაზე.

ავიღოთ თუნდაც დღევანდელი დღე და კობახიძის განცხადებები ე.წ. მთავრობის სხდომის ფორმატში:

კრიმინალის მიმართულებით - აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში სრულად იყო მიშვებული იარაღის უკანონოდ ტარებაზე კონტროლი, უპრეცედენტოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო საქართველოს მასშტაბით ნარკოტიკებით ვაჭრობამ.

კორუფციის ნაწილში - აღარ დარჩა არცერთი სახელმწიფო უწყება, რომელშიც უმაღლესი თანამდებობის პირების მხილება არ მომხდარიყოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისებებთან და კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით.

ნეპოტიზმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი ახლობლების და კლანური, მათ შორის, უმეტესად პარტიული ნიშნით დანიშნული ადამიანების რაოდენობამ ყველა რეკორდი მოხსნა და ამ მხრივ გაღებული ხარჯების მოცულობა უზარმაზარ ტვირთად დააწვა ბიუჯეტს.

მოკლედ რომ ვთქვათ - კობახიძე ამბობს, რომ მისი წინამორბედები, უკლებლივ ყველა, არათუ ცუდი მმართველები იყვნენ, არამედ მათ თავად სისტემა აქციეს კრიმინალურ და კორუფციულ ქსელად, ბოროტად სარგებლობდნენ უფლებამოსილებებით, მფარველოდნენ კრიმინალურ კარტელებს, არაეფექტურად და არამართლზომიერად იყენებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს.

ეს არის, რაც დღეს კობახიძემ თქვა!

რთული მისახვედრი არ არის, თუ დაძაბულობის რამდენად მაღალი ტემპერატურაა სისტემის შიგნით, რომ მის გარეთ, საჯაროდ, ტრიბუნებიდან, საკუთარი ინიციატივით ამაზე საუბრის აუცილებლობას ხედავს რეჟიმის მთავრობის ხელმძღვანელი, ამის თაობაზე ყალიბდება საერთო მესიჯები და სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა სრული სიმძლავრით იწყებს მის რეტრანსლირებას ყველა კონტროლირებადი მედია საშუალებით.

ატომ ხდება ეს ასე?

საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში ხელისუფლებების ცვლილების სამივე ისტორიული მაგალითი, გარკვეული განსხვავებებით, მაგრამ თითქმის იგივე ალგორითმით გვაჩვენებს, რომ ცვლილებებს წინ უსწრებს თავად მმართველი ძალის შიგნით არსებული დაპირისპირებების გამწვავება.

ამის მიზეზი ზოგჯერ იყო საგარეო ფაქტორი (რუსული სპეცსამსახურების ეფექტური მანიპულაცია), ზოგჯერ - კრიზისული პიკების გადავლის შემდეგ მმართველი ძალის აღქმა/შეგრძნება, რომ ოპოზიციური ველი მოსუფთავებულია და გარე პოლიტიკური საფრთხე სისტემისთვის აღარ არსებობს და ზოგჯერ გავლენების და კორუფციული არეალის გაფართოვების სურვილები. უმეტეს შემთხვევაში, თითქმის ყველა ეს ფაქტორი ერთად.

რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამჯერად?

შეგვიძლია ვარაუდები გამოვთქვათ, თუმცა შედეგის თვალსაზრისით, შეგვიძლია უფრო მკაფიოდ და ნათლად აღვნიშნოთ, რომ ივანიშვილის ვერტიკალში დაპირისპირება ყოველდღიურად უფრო მეტად მწვავდება და ეს არ არის რომელიღაც ცალკეული, ან თავად ოცნებისთვის აბსოლუტურად არაავთენტური, არაენდემური ჯგუფების გაბრძოლება მეტი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის (როგორც, მაგალითად, გახარიას შემთხვევაში მოხდა).

აქ საქმე გვაქვს თავად ოცნებისთვის შედარებით არაავთენტური კობახიძის ჯგუფის მიერ ძალაუფლების სრულ მონოპოლიზაციაზე, ვიმეორებ - ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის, რა თქმა უნდა, ივანიშვილის სრული თანხმობით, რომელსაც ის იყენებს ძირძველი და "ქართული ოცნებისთვისა" და ივანიშვილის მმართველობის სტილისთვის ყველაზე ორგანული და დამახასიათებელი თვისებების მატარებელი ჯგუფების გასენეიტრალებლად - იქნება ეს ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური თუ სხვები.

რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ პროცესმა?

რა თქმა უნდა, ეს შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა კვლავ ისტორიულ გამოცდილებას თუ მოვიხმობთ, განმსაზღვრელი მაინც ოპოზიციის საერთო სტრატეგია და მისი ეფექტური რეალიზებაა.

თუ ოპოზიცია შეძლებს სწორად შეაფასოს ეს შიდა ტენდენცია და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, მაშინ "ოცნების" კლანური ომი შეიძლება გახდეს პოლიტიკური ცვლილების კატალიზატორი.

თუ ვერა - კობახიძე და ივანიშვილი თავისივე კლანებთან დაპირისპირებას ისევ საკუთარ სარგებლოდ გამოიყენებენ.

დასკვნა

"ქართული ოცნება" დღეს საკუთარი თავის წინააღმდეგ იბრძვის. მაგრამ მთავარი კითხვა სხვა რამეშია:

ისარგებლებს თუ არა ამ შანსით ოპოზიცია და საზოგადოება, თუ კიდევ ერთხელ დავინახავთ, როგორ გადაიქცევა ხელისუფლების შიდა ომი მხოლოდ ძალაუფლების გადანაწილების მორიგ ეპიზოდად?