პუბლიკა: კალაძის შტაბთან ჩვენს 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, წაართვეს ტელეფონები

პუბლიკა: კალაძის შტაბთან ჩვენს 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, წაართვეს ტელეფონები

"პუბლიკა" მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "ოცნების" წარმოამდგენლები მათ ორ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონები წაართვეს.

"მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე დაპირისპირების დროს „პუბლიკის" ორ ჟურნალისტს - ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონები წაართვეს.

ალექსანდე ქეშელაშვილის ტელეფონის დაბრუნება მოვახერხეთ კოლეგის დახმარებით, ამ დრომდე ვეძებთ - „პუბლიკის” კუთვნილ მეორე ტელეფონს.

„პუბლიკა” მოუწოდებს პირს, რომელმაც ჩვენს ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა, დაუბრუნოს ის რედაქციას. გვაქვს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ ვინ ართმევს ჩვენს ჟურნალისტს ტელეფონს, მას რამდენიმე წუთში გავავრცელებთ.

„პუბლიკა” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რედაქციის ტექნიკის მოპარვასა და ჩვენი ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს კალაძის შტაბთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს, "ოცნების" წარმომადგენლემა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქციის მონაწილეების თქმით, "ოცნების" წარმომადგენლებს სხვადასხვა სახის საგნები ეჭირათ, ასევე ისროდნენ რკინის ჯებირებს.

დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალაში ჩანს, რომ, დაპირისპირების შედეგად, აქციის მონაწილებმა დაზიანებები მიიღეს.