შაბათის ფორმულა: აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე საქართველოშია

შაბათის ფორმულა: აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე საქართველოშია

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე საქართველოშია. ფარცხალაძე მოსკოვი-თბილისის რეისით შვილთან, ახლო გარემოცვასთან და დაცვის წევრებთან ერთად ჩამოფრინდა.

შაბათის ფორმულამ გადაიღო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ე.წ ვიაიპი გამოსასვლელი, რომლითაც ფარცხალაძის დაახლოებულმა პირებმა ისარგებლეს. კადრებში ჩანს, როგორ ემსახურებიან აეროპორტის დაცვის თანამშრომლები მათ, ვისაც ფაცხალაძის ბარგი გამოაქვს.

ის რომ ფარცხალაძე საქართველოშია შაბათის ფორმულას კაკლების დასახლებაში დაუდასტურეს, სადაც ყოფილი პროკურორი ცხოვრობს.

***

2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

გასული წლის 20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.

მოგვიანებით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უწყვეტს. ზურაბიშვილის თქმით, მიიჩნევს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი თუ დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.

თუმცა ერთი თვის თავზე პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა.