სერბეთში ადვოკატებმა სტუდენტების პროტესტის მხარდასაჭერად 30 დღით საქმიანობა შეწყვიტეს

სერბეთში ადვოკატებმა სტუდენტების პროტესტის მხარდასაჭერად 30 დღით საქმიანობა შეწყვიტეს

სერბეთში ადვოკატებმა სტუდენტების პროტესტის მხარდასაჭერად 30 დღით საქმიანობის შეჩერება გადაწყვიტეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ასოციაციაში, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, დაახლოებით 12,000 ადვოკატია.

ადვოკატებმა სტუდენტების მოთხოვნებს საკუთარი დაუმატეს, მათ შორის იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და პროკურატურის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის გადადგომა.

იურისტები ამბობენ, რომ როდესაც მათ სტუდენტების მხარდასაჭერად გაფიცვა დააანონსეს, სერბეთის მთავრობამ ადვოკატთა ასოციაციის რეპუტაციის შელახვის მიზნით კამპანია წამოიწყო.

მასშტაბური საპროტესტო აქციები სერბეთში 2024 წლის 1 ნოემბერს, ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქში, ნოვი-სადში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა - რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხალხი ხელისუფლებას კორუფციასა და ინფრასტრუქტურის უხარისხო მშენებლობაში ადანაშაულებს.

პროტესტში პოლიტიკური მოთხოვნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც არ დაკმაყოფილდა სტუდენტების მოთხოვნა გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების ჩატარების შესახებ.

პროტესტს სერბეთის პრემიერმინისტრის, მილოშ ვუჩევიჩის გადადგომა და შემდეგ მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოჰყვა. ყველა მინისტრი ახლა მოვალეობის შემსრულებლად ითვლება. ვუჩევიჩმა თქვა, რომ იზიარებს პასუხისმგებლობას ქალაქ ნოვი-სადში სამი თვის წინ მომხდარი ტრაგედიის გამო. პოსტი დატოვა ამ ქალაქის მერმაც.