
შსს-ს ცნობით, ქვემო ქართლში, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და ტარებაში დახმარების ბრალდებით თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს თანახმად, 3 დაკავებულიდან ერთ-ერთი ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის წითელი ცირკულარით ძებნილია.
"დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული ი.ჯ., 1980 წელს დაბადებული შ.ი. და თურქეთის ინტერპოლის მიერ ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის წითელი ცირკულარით ძებნილი 2000 წელს დაბადებული გ.ი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ჯ.-მ და გ.ი. -მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ ბრალდებულებისგან ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და 13 ვაზნა", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე, 25-236-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.