
გერმანიამ საქართველოდან ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციისთვის გაიწვია.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ თავს ესხმის ევროკავშირს, გერმანიასა და ელჩს, ამიტომ გახდა საჭირო ელჩის დროებით გაწვევა.
"უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიისა და პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. ამიტომ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა, ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის გამოიძახოს, თუ როგორ გააგრძელოს მოქმედება. ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს", - წერს უწყება.
ელჩის მიერ ქართული ოცნების ანტიევროპული ნაბიჯების კრიტიკის საპასუხოდ ოცნების წევრები მას თავს ესხმიან და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებენ. ოცნების ლიდერებმა არაერთხელ გააკეთეს ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება, გაავრცელეს მის წინააღმდეგ არაერთი დეზინფორმაცია.