"სასაცილოა" - აშშ-ის ელჩი ე.წ. გადატრიალების საქმესა და "გლობალური ომის პარტიაზე"

"სასაცილოა" - აშშ-ის ელჩი ე.წ. გადატრიალების საქმესა და "გლობალური ომის პარტიაზე"

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სასაცილოს უწოდებს ე.წ. გადატრიალების საქმეს, რომელიც სუს-ის მტკიცებით, USAD-ის მიერ მხარდაჭერილ ტრენინგებზე იგეგმებოდა. მისი თქმით, ის, რომ თითქოს არის რაღაც შეთქმულების ქვედა დინება, სადაც შეერთებული შტატების მთავრობა და მისი უწყება ცდილობს მსგავსი რამის ჩადენას, სასაცილოა.

"თუკი თქვენი შეკითხვა სწორად გავიგე, დავიწყებ წინაპირობით, რომელიც იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს - არა იმაზე, რაც თქვენ თქვით, არამედ რაც სხვებმა თქვეს USAID-ის ჩართულობაზე

არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბოლო 31 წელიწადზე მეტია საქართველოს და საქართველოს დემოკრატიული განვითარების უფრო დიდი მხარდამჭერია, ვიდრე შეერთებული შტატები. ჩვენ გავიღეთ 6 მილიარდი აშშ დოლარი დახმარების სახით. ვმუშაობთ ჯანდაცვის დაწესებულებებთან, სკოლებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, სამხედროებთან - საზოგადოების ყველა სეგმენტთან, რომ დავეხმაროთ ამ ქვეყანას გაძლიერებაში, ეკონომიკურად მეტად განვითარებაში და ვთვლი, რომ ნამდვილად დავეხმარეთ საქართველოს იმის მიღწევაში, სადაც დღეს არის.

ის, რომ თითქოს არის რაღაც შეთქმულების ქვედა დინება, სადაც შეერთებული შტატების მთავრობა და მისი უწყება ცდილობს აქ მსგავსი რამის ჩადენას, იმდენად სასაცილოა, რომ ნამდვილად არ ვთვლი ეს იმსახურებდეს ამაზე ლაპარაკში ჩემი დროის დახარჯვას. რასაც ვიტყოდი, არის, რომ USAID-ი, მე წარმოვადგენთ პოლიტიკებსა და პროგრამებს, რომელთა საქართველოში განხორციელებასაც აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და USAID-ის ადმინისტრატორი სამანთა პაუერი - მთელი ჩვენი მთავრობა უჭერს მხარს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, მთავრობაში, თუკი ეს მთავრობა არჩეულია თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში", - აღნიშნა ელჩმა.

ელჩი სასაცილოს უწოდებს "გლობალური ომის პარტიაზე" რიტორიკასაც. ის აღნიშნავს, რომ ეს ნარატივი მოდის მათგან, ვინც მისგან "სარგებელს" ნახულობს და სავარაუდოდ, ისინი საქართველოს გარეთ არიან.

"ამაზეც ვიტყვი, რომ სასაცილოა: შეერთებული შტატები მუშაობს ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდამხარ, აგრეთვე პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად დიდ შვიდეულში საპირისპიროსთვის - ამ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, უკრაინის ჩათვლით. მე უკრაინაზე ვმუშაობდი ორი წლის განმავლობაში, დღე და ღამე, რომ იქ მშვიდობა შეგვენარჩუნებინა და არა ომის გასავრცელებლად.

უნდა დასვათ შეკითხვა: საიდან მოდის ეს ნარატივი? ჩემი აზრით, ეს მოდის იმათგან, ვინც სარგებელს ნახულობს ასეთი ნარატივისგან და ვინც, სავარაუდოდ, საქართველოს გარეთ არის, თუმცა, სამწუხაროდ ეს ნარატივი შემდგომ აქ, შიგნით ძლიერდება. და, ვინ სარგებლობს ამით? - ქართველები ნამდვილად არა, ვინაიდან ეს არ არის, რის გაკეთებასაც შეერთებული შტატები ცდილობს", - განაცხადა მან.

***

სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყებამ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.

"გადატრიალების" შესახებ პროპაგანდისტულ და დაუსაბუთებელ საქმეზე მორიგ განცხადებაში სუს-მა ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა.

უწყების თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.

უწყებამ ტრენინგის მონაწილეები და ორგანიზატორები გამოკითხვაზე ეტაპობრივად დაიბარა.