FT: თვეებია, აშშ უკრაინას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშის განხორციელებაში ეხმარება

FT: თვეებია, აშშ უკრაინას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშის განხორციელებაში ეხმარება

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკვე რამდენიმე თვეა ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე, შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებაში ეხმარება.

რამდენიმე უკრაინელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომლებიც ამ კამპანიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ, გამოცემას განუცხადეს, რომ აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციამ უკრაინულ ძალებს საშუალება მისცა, დაერტყათ რუსეთის საკვანძო ენერგეტიკული სამიზნეებისთვის, მათ შორის ფრონტის ხაზიდან შორს მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის.

ირკვევა, რომ ეს პროცესი ზაფხულის შუა რიცხვებიდან გააქტიურდა.

ცვლილება, გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა, რა დროსაც, აშშ-ის პრეზიდენტმა იკითხა, შეეძლო თუ არა უკრაინას მოსკოვზე დარტყმა, თუ ვაშინგტონი შორ მანძილზე მოქმედ იარაღს მიაწვდიდა.

ორი წყაროს ცნობით, ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა სტრატეგიას, რომლის მიზანიც იყო „მათთვის [რუსებისთვის] ტკივილის შეგრძნებინება“ და კრემლზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნით ზეწოლა.

საკითხთან დაახლოებული ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის დაზვერვა კიევს ეხმარებოდა ფრენის მარშრუტების, სიმაღლის, დროის და მისიის დაგეგმვაში, რაც უკრაინულ შორ მანძილზე მოქმედ დრონებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის თავის არიდების საშუალებას აძლევდა.

ოპერაციასთან დაკავშირებულმა სამმა პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაგეგმვის ყველა ეტაპზე მჭიდროდ იყო ჩართული. აშშ-ის ერთმა ოფიციალურმა პირმა კი თქვა, რომ უკრაინა ირჩევდა სამიზნეებს, რის შემდეგაც ვაშინგტონი ამ ობიექტების სუსტ წერტილებზე აწვდიდა სადაზვერვო ინფორმაციას.

თუმცა, სხვა პირებმა, რომლებიც ოპერაციებში მონაწილეობდნენ ან დაახლოებული იყვნენ ამ პროცესთან, განაცხადეს, რომ აშშ ასევე განსაზღვრავდა პრიორიტეტულ სამიზნეებს უკრაინელებისთვის.

ტრამპი ღიად გამოხატავდა პუტინის მიმართ უკმაყოფილებას მას შემდეგ, რაც ალასკის სამიტზე შეხვედრას მცირე პროგრესი მოჰყვა. გამოცემის წყაროების თქმით, ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ტრამპის მხარდაჭერა გამოიწვია შორ მანძილზე დარტყმების მიმართ.