სასამართლომ მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ ადმინისტრაციულ საქმეზე პარტია ახალის პრესსამსახურს, მირანდა ბაღათურიასა და გირჩი - მეტი თავისუფლების პრესსამსახურს, ანა ყურაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მათთვის პატიმრობას ითხოვდა.

23 აპრილს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით 3 ადამიანის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

ესენი არიან: პარტია ახალის პრესსამსახური მირანდა ბაღათურია, გირჩი - მეტი თავისუფლების პრესსამსახური ანა ყურაშვილი და სინდისის პატიმრის საბა სხვიტარიძის ძმა, თორნიკე სხვიტარიძე.

მირიან ქავთარაძე ის პოლიციელია, რომელზე თავდასხმის ბრალდებითაც დააკავეს კოალიცია ცვლილებისთვის წევრი საბა სხვიტარიძე.

17 აპრილის პროცესზე მირიან ქავთარაძე გამოიკითხა. პროცესის დასრულების შემდეგ, დარბაზიდან გამოსულ მირიან ქავთარაძეს ადგილზე შეკრებილები შეხვდნენ შეძახილით - "ყველა ქავთარაძის სირცხვილი ხარ შენ".

ეს კადრები Facebook-ზე გავრცელდა და სავარაუდოდ, ამას უკავშირდება ადმინისტრაციული საქმის დაწყება.

მირანდა ბაღათურიამ დაწერა:

"მედავებიან, “პოლიციელი” მირიან ქავთარაძის მიმართ შეურაცხყოფას,საქმე ეხება , რამდენიმე დღის წინ საბას პროცესზე ამ მირიანის გამოკითხვას,გამოსულზე, ბუნებრივია დახვდნენ ამ ცრუ პოლიციელს შეძახილებით,თუმცა მე ვერ მივუსწარი,რადგან სხვა პროცესზე ვიყავი,მეტიც მირიან ქავთარაძე საერთოდ ვერ დავინახე,ის უკვე წასული დამხვდა.

დიდი ალბათობით, საუბარია ჩემ მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე,ვიდეო სხვისი გადაღებულია და არც ჩემი ხმა არ ისმის-ფიზიკურად იქ არ ვიყავი

მთავარია რომ რეჟიმის ერთგული პოლიციელების დასაცავად უზიან სოციალურ ქსელებს, ყველა ვიდეოს და არ იციან როგორ ასიამოვნონ ცრუ მოწმეებს,სწორედ მათ გამო ჩვენი ბიჭები გისოსებს მიღმა აგრძელებენ ცხოვრებას!!!".

ანა ყურაშვილმა დაწერა:

"რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს სამმართველოდან, მედავებიან 173-ე მუხლის მეორე ნაწილს, “პოლიციელი” მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას, ჩემი მეგობარი საბა სხვიტარიძის პროცესის დღეს, 17 აპრილს".