სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გრიგორიადისის შემდეგი სასამართლო პროცესი - 22 სექტემბერს, 16:00-ზე გაიმართება.

***

მანამდე 27 ივნისს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. მაშინ გრიგორიადისმა სასამართლოს პირველად მიმართა. მან ისაუბრა საქმეზე, სადაც ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს ღირსების შემლახველი განცხადებების გამო უჩივის და პროცესზე მათი გამოცხადება მოითხოვა.

26 ივნისს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს. პატივისა და ღირსების შემლახავი საჯარო განცხადებების გამო, ისინი ქართული ოცნების ლიდერებისგან ბოდიშს ითხოვენ - უფლებადამცველების თქმით, მათ მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლური თანხის, 15 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".