მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს.
პატივისა და ღირსების შემლახავი საჯარო განცხადებების გამო, ისინი ქართული ოცნების ლიდერებისგან საჯარო ბოდიშს ითხოვენ - უფლებადამცველების თქმით, მათ მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლური თანხის, 15 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ.
"ამ სარჩელით ვითხოვთ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს სიმბოლური თანხა დაეკისროთ, რაც მთავარია, მოიხადონ საჯაროდ ბოდიში და რა საინფორმაციო არხებითაც გავრცელდა ის შეურაცხმყოფელი და პატივის შემლახავი გამონათქვამები, ამ არებით გავრცელდეს მათი მობოდიშება ლაზარეს მიმართ", - განაცხადა ადვოკატმა.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".