
22 წლის თედო აბრამოვი, რომელიც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, პოლიტპატიმარ ბიჭებს მიმართავს.
"ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ უდანაშაულოდ გამოკეტილი, პირველ რიგში, ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. მეგობრებო, ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით სულ ყველას. აქ ვინც ხართ, დაიმახსოვრეთ, ახლა ხართ ერთით მეტნი.
მეგობრებო, ერთადერთი, რაც გაგვაჩნია, არის მოთმინება და იქ ბიჭების ერთობა ვნახე, ძმობა, ყველანაირი ურთიერთობა და ერთმანეთის გამტანობა. ბიჭები არიან ძალიან ყოჩაღად და მასე განაგრძეთ!", - ამბობს ის.
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ მან განაჩენის გამოცხადების მომენტზეც ისაუბრა და თქვა:
"მოსამართლის არ მესმოდა, გათიშული ვიყავი და ხალხის ყვირილმა გამომაფხიზლა".
თედო აბრამოვმა გიორგი ახობაძის გათავისუფლების მომენტის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
"გიორგი ახობაძის მომენტში ბიჭები ფეხბურთს ვთამაშობდით და იქ რომ ვიყავით, უცებ გამახსენდა, რომ პროცესი იყო და რომ დავინახეთ, ლაივი, სასწაული შეგრძნება იყო", - თქვა თედო აბრამოვმა.
***
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.
22 წლის თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.
პროკურატურის ვერსიით, თედო აბრამოვს ჩხრეკისას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა.
პროკურატურამ მას ბრალი 260-ე მუხლით წარუდგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.