პროევროპული აქციებისას დაკავებულ დავით ხომერიკს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

პროევროპული აქციებისას დაკავებულ დავით ხომერიკს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ დავით ხომერიკს პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავით ხომერიკმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლა:

"არაერთი დარბევის მომსწრე გავხდი - მთავრობა დაუპირისპირდა მშვიდობიან მოქალაქეებს ძალადობით.

ჩემი თითქმის 9-თვიან პატიმრობასა და პროკურატურის შეკერილ საქმეზე გეტყვით, რომ ამ საქმეში არ არსებობს არც ვიდეომტკიცებულება, არ არსებობს მომჩივანი, დაზარალებული, რაღაც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდიო - არც ვიცი, რაზეა ლაპარაკი.

პატივცემულო მოსამართლე, მაინც მრჩება იმედი, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ალბათ, თქვენც გაძალებენ, აქციაზე დაკავებული ხალხი ციხეში გაუშვათ. თუმცა, გთხოვთ, იყავით სამართლიანი, რომ ხალხს დაუბრუნდეს სასამართლოს მიმართ ნდობა.

რაც არ უნდა მოხდეს, მიყვარხართ. გახსოვდეთ, ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს", - თქვა დავით ხომერიკმა.

დავით ხომერიკი 2 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას აფეთქების მომზადებას ედავება.

კერძოდ, შსს-ს თანახმად, დავით ხომერიკის პირადი ჩხრეკის შედგად - "ამოღებული იქნა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომლის მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიოს".

დავით ხომერიკი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქმეში არსებული აღნიშნული ცეცხლგამჩენი ნივთები/ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა.