
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ბრიფინგი დადასტურებაა იმის, რომ "ივანიშვილის გუნდში შიდა ომია".
ამ განცხადებით ის ეხმაურება შსს-ს დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, 17 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 ადამიანი დააკავეს, საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული გიორგი მიქაძეა, მის ძმას დავით მიქაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ძმები მიქაძეების უკან ოთარ ფარცხალაძე დგას, რომელსაც "წლების განმავლობაში ქართული ოცნების ყველა სპიკერი კბილებით იცავდა".
"დღევანდელი ბრიფინგი დადასტურებაა იმის, რომ შიდა ომია ივანიშვილის გუნდში და ახლა უკვე მისი ყოფილი თანაგუნდელები, ფაქტობრივად, ივანიშვილისთვის რომ იღწვოდნენ ძმები მიქაძეები - ერთი დაიჭირეს, ერთი - გაქცეულია. ამბობენ, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა, დააორგანიზეს და ლამის სამუდამო ციხე ემუქრება ამ ადამიანებს და ამ ხალხის უკან ვინ დგას? - ფარცხალაძე. ფარცხალაძე, რომელსაც წლების განმავლობაში ქართული ოცნების ყველა სპიკერი კბილებით იცავდა.
აი ამ დანაშაულების უკან, რასაც ახლა გამოძიება ამბობს, შეუძლებელია ფარცხალაძის გარეშე მომხდარიყო და ფარცხალაძის გუნდთან, მიქაძეებთან დაპირისპირება ოცნებაში რას ნიშნავს, ჩემზე უკეთ კითხეთ ახლა ზარქუას და ის გადაგითარგმნით. ეს არის აბსოლუტური დაპირისპირება და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა, საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული გიორგი მიქაძეა, მის ძმას დავით მიქაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მათ გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას ედავება.
ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პირებად მიიჩნევიან.
15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.
მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.