მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება.

საპარლამენტო არჩევნების შედეგი, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს ქვეყნის პროდასავლური კურსის შესანარჩუნებლად.

მოლდოვის მოქალაქეები 4 წლის ვადით აირჩევენ პარლამენტის 101 წევრს. მონაწილეობს 14 პარტია, 4 საარჩევნო ბლოკი და 4 დამოუკიდებელი კანდიდატი. პარტიებისთვის ზღვარი 5%-ია, ბლოკებისთვის 7%, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის 2%.

ეს არჩევნები პირველი შემთხვევაა, როდესაც ფოსტით ხმის მიცემა მოლდოვას მოქალაქეებისთვის 10 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. სულ 301 საარჩევნო უბანი მდებარეობს საზღვარგარეთ, 41 ქვეყანაში. წინა არჩევნებმა აჩვენა, რომ მოლდოვური დიასპორის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის პროდასავლურ კურსს, რაც მათ ხმებს უაღრესად მნიშვნელოვანს ხდის მმართველი პარტიისთვის „მოქმედება და სოლიდარობა“.

დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 12 საარჩევნო უბანი გაიხსნა დნესტრისპირეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ძირითადად პრორუსულ ძალებს უჭერენ მხარს. ამ საარჩევნო უბნებიდან რამდენიმეს ადგილმდებარეობა ბოლო წუთს შეიცვალა უსაფრთხოების მიზნით.

პრეზიდენტი მაია სანდუ და მთავრობა დიდი ხანია აცხადებენ, რომ ისინი ელიან რუსეთის მასშტაბურ მცდელობებს არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რათა ხელისუფლებაში „მეგობრული“ ძალები მოვიდნენ და მოლდოვას ევროპული ინტეგრაცია ჩაშალონ.