"აბსოლუტური ტყუილი" - შსს ქარცივაძის შესახებ შაბათის ფორმულას სიუჟეტზე

"აბსოლუტური ტყუილი" - შსს ქარცივაძის შესახებ შაბათის ფორმულას სიუჟეტზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო "აბსოლუტურ ტყუილს" უწოდებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი უფროსის, რომან ქარცივაძის შესახებ შაბათის ფორმულას სიუჟეტს.

ყოფილმა სპეცრაზმელმა შაბათის ფორმულას ქარცივაძეზე ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, ქარცივაძე "იპარავდა სპეცრაზმელების საცვლებს, იცვამდა და ისე გაჰქონდა განყოფილებიდან… ტუშონკებს, წიწიბურას, ზეთს, საჭმელსაც იპარავდა, რაც სპეცრაზმისთვის იყო განკუთვნილი".

ყოფილი სპეცრაზმელი ყვება, რომ "ბიჭები აგროვებდნენ ფულს მინისტრისთვის [ვახტანგ გომელაურისთვის] დაბადების დღის საჩუქრის შესაძენად, ეს ფული რომან ქარცივაძემ სპეცრაზმს მოუტეხა, ისე, რომ ვერავითარი საჩუქარი ვერ იყიდეს".

შსს-ს განცხადებით, "სიუჟეტი მიზნად ისახავს მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონკრეტულად აღნიშნული დეპარტამენტის დისკრედიტაციას".

"სიუჟეტში, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან წასული ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომან ქარცივაძის მიმართ გახმოვანდა რამდენიმე აბსურდული ბრალდება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას.

კატეგორიულად მიუღებელია მედიასაშუალებისგან ღირსების შემლახავი ისეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც არ გამომდინარეობს არანაირი ფაქტობრივი გარემოებიდან და რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ის უბრალოდ მოგონილ ამბავს წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო, რომელიც დაკომპლექტებულია პატრიოტი და მამაცი სპეცრაზმელებით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, დაიცვან სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები. მათზე თავდასხმას ობიექტურად განვიხილავთ, როგორც ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ნებისმიერ მედიასაშუალებას, რომელიც მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით ცდილობს მათი პოლიტიკური ამოცანების შესრულებას - თავი შეიკავონ ღირსების შემლახავი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ქართული პოლიციის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის წარმოებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

შაბათის ფორმულას სიუჟეტი