
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა, საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული გიორგი მიქაძეა, მის ძმას დავით მიქაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მათ გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას ედავება.
ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პირებად მიიჩნევიან.
"შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი - გ.მ, გ.კ და მ.ბ დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს - გ.ჯ-სა და დ.მ-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. და გ.მ. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ.-სთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გ.ჯ.-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს.
დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი - გ.ჯ.-ს პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა. ასევე დგინდება, რომ გ.ჯ.-მ და გ.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ, გ. მ. სა და დ. მ-ს მეშვეობით გ.უ.-ს გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით.
გ.უ.-მ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლ.ჯ. მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს მიაყენა სხეულის დაზიანება", - განაცხადეს შსს-ში.
15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.
მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.