
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" სურს, კომისიის დასკვნის საფუძველზე და საკონსტიტუციო სასამართლოს გავლით აკრძალოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობა.
ამის შესახებ წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
"ოცნების" წარმომადგენლი ირწმუნება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ შეცვლილა და ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, იმავეს გაკეთებას გააგრძელებს, "რაც აკეთეს 9 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ უარესსაც კი."
წულუკიანი ამტკიცებს, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილის მთავრობა "უზრუნველყოფს", რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, აღნიშნული პოლიტიკოსები ქვეყნის სათავეში აღარ დაბრუნდნენ.
"ეს [კომისიის დასკვნა] არ არის უბრალოდ ტექსტი, სადაც მოთხრობილია სხვადასხვა ამბავი და ტრაგედიები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავს დაატრიალა. აქ არის მოცემული მტკიცებულებები და ფაქტები. კერძოდ, ამ დასკვნით დასტურდება, რომ ძალას, რომელიც 9 წელი მართავდა ჩვენს ქვეყანას და დღეს ოპოზიციაშია, არ აქვს თავის თავში რესურსი, შეიცვალოს. არც ნება აქვს ამის, არც უნარი. შესაბამისად, ეს ერთი და იგივე ძალაა, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, გვიქადის, სულ მცირე, იმავეს, რაც აკეთეს 9 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ უარესსაც კი.
სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პარტიამ, მიიღო გადაწყვეტილება, ეს დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ეს არის მიზანი, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე ქვეყანას არ უწერია განვითარების პერსპექტივა. „ქართული ოცნება“ მუდმივად ვერ იქნება ხელისუფლებაში და ჩვენი ვალი, ჩვენი გასაკეთებელი საქმე და მისიაა, რომ ხელისუფლებიდან წასვლა როცა მოგვიწევს, არა 5 ოქტომბერს და დამხობის გზით, არამედ არჩევნების გზით, ამისი დრო დადგება ოდესღაც, მორიგი არჩევნების დროს, გამორიცხული გვქონდეს იმ დროისთვის შანსი და რისკი, რომ დასკვნაში აღწერილი ფაქტების ჩამდენი პირები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში", – განაცხადა წულუკიანმა.
პარლამენტში მოქმედმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, კომისიის დასკვნის 430-გვერდიან პროექტს ერთხმად მხარი 4 აგვისტოს დაუჭირა მხარი.
წულუკიანის თქმით, დასკვნა ასევე მოიცავს რამდენიმე ათასი გვერდისგან შემდგარი დანართებს. მასში ასევე დანართების სახით შედის აუდიო და ვიდეომასალა.
თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ ამ დოკუმენტში მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით წარმოჩენილია "სხვადასხვა ამბავი და ტრაგედიები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავს დაატრიალა."