რუსული კანონის საქმეზე ECHR-მა წარმოებაში მიიღო 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი

რუსული კანონის საქმეზე ECHR-მა წარმოებაში მიიღო 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი

"მედიაომბუდსმენის" ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ რუსული კანონის საქმეზე წარმოებაში მიიღო 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი.

"2025 წლის 26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “მედიაომბუდსმენს” წერილობით აცნობა, რომ დაიწყო წარმოება ე.წ. “რუსული კანონის” საქმეზე.

საქმე “კოკაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” დეტალურად აღწერს 2023 წლის მარტში, არაერთი კრიტიკული მედიის ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნას. ისინი სამიზნედ ე.წ. „რუსული კანონის“ (კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ. მედიის მუშაობაში ხელშეშლით ძალოვანები ცდილობდნენ არ გასაჯაროვებულიყო მშვიდობიან მოქალაქეთა დარბევის და ძალის გადამეტების შემთხვევები", - წერს "მედიაომბუდსმენი."

"მედიაომბუდსმენის" ცნობით, დავა შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. ესენია:

სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი);

გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);

სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი).

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სტრასბურგში საჩივრის გაგზავნამდე, არცერთი მოძალადე პოლიციელი არ ყოფილა იდენტიფიცირებული და დასჯილი.

ასევე არ გამოკითხულა საქმესთან დაკავშირებული არც ერთი ძალოვანი.

"მედიაომბუდსმენი" აგრძელებს კრიტიკული მედიის სამართლებრივ დახმარებას. გვჯერა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებებს განსაკუთრებული გავლენა ექნება საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადასარჩენად", - წერს "მედიაომბუდსმენი."