ფრანგული BFM TV-ის ცნობით, დღეს მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. შუადღის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი ელექტორატის 26%-ზე მეტმა დააფიქსირა, რაც 1981 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 30 ივნისს, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ამავე პერიოდისთვის აქტივობა 25,9% იყო, ხოლო 2022 წელს 18,9%.
მარინ ლე პენის პარტიამ, ეროვნულმა გაერთიანებამ პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მეორე ტურისთვის, მის წინააღმდეგ ცენტრისტულმა და მემარცხენე პარტიებმა ძალები გააერთიანეს, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ლე პენის პარტია დომინანტური საკანონმდებლო ძალა ვერ გახდება.
არჩევნებში ერთმანეთს სამი ძირითადი პოლიტიკური ბლოკი უპირისპირდება: ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანება, პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი და ახალი სახალხო ფრონტის კოალიცია.
ორტურიანი ვადამდელი არჩევნები ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში ეროვნულმა გაერთიანებამ მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.