საფრანგეთი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში პუტინის არჩევნებისთვის "საარჩევნო უბნების" მოწყობას გმობს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები რეპრესიების ფონზე ჩატარდა.
ოფიციალურმა პარიზმა რუსეთის ის მოქალაქეებიც შეაქო, რომლებმაც არჩევნების ფონზე მშვიდობიანი აქციები გამართეს. საფრანგეთმა ასევე დაგმო ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში და ფაქტს "საერთაშორისო სამართლის და გაეროს წესდების დარღვევად" შეაფასა.
"საფრანგეთი არ ცნობს და არასდროს აღიარებს ამ ე.წ. არჩევნების ჩატარებას და შედეგებს. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე ვგმობთ რუსეთის მიერ კენჭისყრის უბნების შექმნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში და დნესტრისპირეთში "საქართველოს და მოლდოვის ხელისუფლების თანხმობის გარეშე", - აღნიშნულია განცხადებაში.
***
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და დღეს, 17 მარტს დასრულდა. რუსეთის ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების 100% დათვლილია და პუტინმა 87.28% აიღო.