"სანქციების წესში ცვლილებაზე ჩვენი არგუმენტები გავაცანი" - თურნავა ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

"სანქციების წესში ცვლილებაზე ჩვენი არგუმენტები გავაცანი" - თურნავა ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სებ თავად აქვეყნებს.

თურნავას განცხადებით, ელჩს სანქციების შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებებზე მათი არგუმენტები გააცნო. როგორც ის ამბობს, გამოთქვა მზადყოფნა, რომ მომავალშიც ინტენსიურად ითანამშრომლებენ რეგულაციების დახვეწაზე, რათა "ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას".

"ბატონ კლეიტონს საერთაშორისო ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. აღვნიშნე, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან", - ამბობს თურნავა.

***

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტიც მრჩეველიც. ამასთან, საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.

ნათია თურნავამ ამას ზეწოლა უწოდა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება "კონსტიტუციის შესატყვისი" იყო.

ამასთან, 25 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესის ცვლილების შემდეგ, ეროვნული ბანკის თანამშრომლები პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. მისი თქმით, ეს ინფორმაცია გამჟღავნდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროცესი ჩაახშო.