სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელსაც იმპიჩმენტი გამოუცხადა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელსაც იმპიჩმენტი გამოუცხადა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, ჰან დოკ სუს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ორი კვირით ადრე იმპიჩმენტი გამოუცხადეს პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის.

პრემიერმინისტრმა ჰანმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც პრეზიდენტმა იუნმა 3 დეკემბერს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის გამოც მისი იმპიჩმენტის საკითხიც დადგა.

ჰანს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოეყვანა, თუმცა როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აღნიშნავენ, ის უარს ამბობს იუნის იმპიჩმენტის პროცედურა დაასრულოს.

როგორც BBC წერს, პარასკევს პარლამენტში ქაოსი იყო, რადგანაც ეროვნული ასამბლეის სპიკერმა გამოაცხადა, რომ იმპიჩმენტისთვის 151 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. განსხვავებით პრეზიდენტ იუნის იმპიჩმენტისგან, სადაც სულ მცირე 200 კანონმდებლის მხარდაჭერა იყო საჭირო. რაც ნიშნავდა იმას, რომ იუნის და ჰანის ხალხის ძალის პარტიის წევრების მხარდაჭერა იმპიჩმენტისთვის საჭირო არ იქნებოდა.

ამის გამო მმართველი პარტიის დეპუტატებმა სპიკერის გადადგომა მოითხოვეს და უმრავლესობამ კენჭისყრას ბოიკოტიც გამოუცხადა.

პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი თავის უფლებამოსილებას ჩამოშორდება მაშინვე, როგორც კი ამის შესახებ ეცნობება.

ოპოზიციამ ჰანის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დააყენა, რაც მან საკონსტიტუციო სასამართლოში სამი მოსამართლის დანიშვნაზე თქვა უარი. საკონსტიტუციო სასამართლო 9 წევრისგან შედგება და სულ მცირე 6-მა წევრმა პრეზიდენტ იუნის იმპიჩმენტს მხარი უნდა დაუჭიროს.

იქიდან გამომდინარე კი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ამჟამად 6 მოსამართლეა, ერთი წევრის უარის შემთხვევაშიც, იუნმა შესაძლოა თავისი პოზიცია შეინარჩუნოს. ოპოზიციას კი სურდა დამატებით 3 მოსამართლე დანიშნულიყო, რათა მსგავსი სცენარი თავიდან აეცილებინათ.

როგორც იუნის შემთხვევაში, ჰანის იმპიჩმენტის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომელსაც 180 დღე აქვს, რათა გადაწყვიტოს, დაუჭიროს თუ არა მხარი პარლამენტის გადაწყვეტილებას.

3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მიზეზად კი "თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა" დაასახელა. ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში დემონსტრაციები მოჰყვა, რა დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის იყო შეტაკებაც.

მოგვიანებით, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაეუქმებინა. პარალელურად კი, ქვეყნის ოპოზიციამ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.