სამხრეთ კორეაში ოპოზიციის ლიდერი ლი ჯე მიონი ქალაქ ბუსანში ვიზიტის დროს ყელში დაჭრეს. ლიმ, რომელიც 2022 წელს საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, 1 სანტიმეტრის სიგრძის ჭრილობა ყელის მარცხენა მხარეს მიიღო.
ოპოზიციის ლიდერი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმების თქმით, ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არაა, თუმცა ვარაუდობენ, რომ პოლიტიკოსს ოპერაცია დასჭირდება.
საინფორმაციო სააგენტო Yonhap წერს, რომ 66 წლის თავდამსხმელმა კაცმა განაცხადა, რომ ლის მოკვლა უნდოდა. თავდასხმის მოტივი უცნობია.
ოპოზიციის ლიდერზე თავდასხმა დაგმეს პოლიტიკურ წრეებში, მათ შორის სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლიმ.
კორეის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ლი ჯე მიონი ბუსანის პორტში, სამშენებლო მოედანზე პრესკონფერენციას მართავდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მასთან მივიდა, რათა ავტოგრაფი ეთხოვა, შემდეგ კი მოულოდნელად დაჭრა. პოლიციის განცხადებით, იარაღი, 18-სანტიმეტრიანი დანა, მან ინტერნეტით შეიძინა. თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.