ჯანდაცვის სამინისტროში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისა და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას შეხვედრა დასრულდა.
ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ქეთი ბეგიაშვილი აცხადებს, რომ გაბუნიამ ვერ დაასახელა კონკრეტული თარიღი, როდის შემოვა ვოზორიტიდი საქართველოში. მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება.
"ერთიანად ყველა აღიარებს, რომ მედიკამენტი ერთადერთია აქონდროპლაზიის სამკურნალოდ, რომ კარგია და აუცილებელია, რომ შემოვიდეს - ეს უკვე ჩვენთვის ძალიან კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ თქვენ კარგად იცით, ჩვენ ვამბობდით, რომ გვჭირდებოდა გარანტიები, თუ როდის იქნება მედიკამენტი საქართველოში შემოტანილი.
ქალბატონმა თამარმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას არ შეუძლია, დროის განსაზღვრაზე კომენტარი გააკეთოს. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს ისევ იქ, კანცელარიასთან, რადგან უკვე მოვითხოვოთ სარწმუნო საბუთი, რომ ნამდვილად იქნება მედიკამენტი შემოტანილი", - თქვა მან.
შეხვედრის შემდეგ Facebook-ზე ერთ-ერთმა მშობელმა მაკუნა გოჩიაშვილმა დაწერა, რომ წამლის შემოტანა-არ შემოტანაზე კამათი აღარ არის.
"წამლის შემოტანა-არ შემოტანაზე აღარც გვეკამათებიან და ეს ძალიან კარგია.
სამოქმედო გეგმა გაგვაცნეს და თანმიმდევრული და სწორი გეგმაა, ჩვენი მონაწილეობაც გათვალისწინებული აქვთ და სრული სიფხიზლით ვიქნებით ჩართულები, რომ არ გადავუხვიოთ გეგმიდან.
გარანტიისთვის დოკუმენტს, ამ ეტაპზე, ვერ გვაძლევენ და ამიტომ მუშაობის პარალელურად, პროტესტი იმავე ფორმით გრძელდება", - დაწერა მან.
მშობლების მორიგი შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში 5 მაისს გაიმართება.