
სომხეთიდან რუსეთში ექსტრადაციის საფრთხე კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ვანო საბაშვილს ემუქრება.
როგორც მისი მეგობრები ამბობენ, საბაშვილს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საერთაშორისო ძებნილთა სიაში იმყოფებოდა. საქართველოს კონტროლირებადი საზღვარი მან უპრობლემოდ გადაკვეთა, თუმცა სომხეთის მხარეს დააკავეს. ქართველი მებრძოლი 9 სექტემბერს დააკავეს — იგი სომხეთში სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა.
ვანო საბაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რვა წლის განმავლობაში მსახურობდა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე ის ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში იბრძოდა. კონტრაქტის დასრულების შემდეგ საბაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. მოგვიანებით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ იგი უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო დაუსწრებლად გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა.
ქართველი მებრძოლის გადაცემა რუსეთში სომხეთის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. გადაწყვეტილებამდე რუსეთს 40-დღიანი ვადა აქვს, რათა წარმოადგინოს საბაშვილის წინააღმდეგ ბრალის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ამ დროისთვის, სომხეთის საპატიმროში წინა საექსტრადაციო ვადის ფარგლებში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი — გიორგი კინოიანიც იმყოფება.