550-ზე მეტი მასწავლებელი განცხადებას ავრცელებს და ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზავაზე თავდასხმა სახიფათო პრეცედენტია, რომელიც აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ ძალადობას ახალისებს.
"მასწავლებლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ვგმობთ 5 მაისს ჩვენი კოლეგა ლადო აფხაზავას მიმართ განხორციელებულ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას.
მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა.
მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ახალისებს ძალადობას აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ.
კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ადამიანის მიმართ განხორციელებული ძალადობა მისი სამოქალაქო და სხვა პოზიციის გამო. კიდევ უფრო მიუღებელია, როდესაც ძალადობა მასწავლებლის მიმართ ხორციელდება.
ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას, ასეთ გარემოში კი არავინ არის დაცული.
შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ძალადობის ფაქტი. ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას ლადო აფხაზავას და ყველა მასწავლებლის მიმართ, რომლებიც აფიქსირებენ თავიანთ სამოქალაქო პოზიციას"- ნათქვამია განცხადებაში.
მასწავლებელთა სია განახლებადია. ხელმომწერთა რიცხვი ეტაპობრივად იზრდება.
აფხაზავს თავს გუშინ, 5 მაისს დაესხნენ. აფხაზავამ ფორმულას უთხრა, რომ მას კორპუსის სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, დაარტყეს თანმხლებსაც, რომლის მეურვეც თავად აფხაზავაა. აფხაზავა ამბობს, რომ თავდამსხმელები მას ნაცს ეძახდნენ.
აფხაზავამ თავადვე გაავრცელა თავდასხმის ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებშიც თავდამსხმელები ჩანან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.