საქართველოსთვის: გახარიამ კომისიას დისტანციურად გამოკითხვა შესთავაზა, კომისია უარს ამბობს

საქართველოსთვის: გახარიამ კომისიას დისტანციურად გამოკითხვა შესთავაზა, კომისია უარს ამბობს

პარტია საქართველოსთვის ცნობით, გიორგი გახარია მზადაა, თეა წულუკიანის კომისიაზე დისტანციურად გამოიკითხოს, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება. თუმცა, პარტიის ცნობითვე, კომისია გახარიას ფიზიკურად გამოცხადებას ითხოვს.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ჩორჩანას საკითხზე.

როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. “ონლაინ” რეჟიმში, რასაც ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ - ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.

მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული.

გიორგი გახარია, კიდევ ერთხელ, ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება", - ნათქვამია განცხადებაში.

გახარია წულუკიანის კომისიაზე ჩორჩანაში საგუშაგო კოშკის განთავსების თაობაზეა დაბარებული. ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

***

2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა, რის შემდეგაც, მოძრაობა ძალა ერთობაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების გადმოსვლის შესახებ იუწყებოდა.

იმავე კვირების განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ძალებმა მათ მიერვე დადგენილი საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები განათავსეს.

ქართული ოცნება ამას იმ დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ედავება და ბრალს სდებს, რომ მან თვითონებურად გახსნა ჩორჩანაში საგუშაგო, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია.

ქართული ოცნება ამ საკითხს ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის თეა წულუკიანის მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც სწავლობს.

პროკურატურის თანახმად, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ ფაქტებზე:

  • დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა
  • უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებ
  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება

პროკურატურა აცხადებს, რომ შესწავლის საგანს წარმოადგენს "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება".