საიას თქმით, ღარიბაშვილის თვითმფრინავთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უნდა გასაჯაროვდეს

საიას თქმით, ღარიბაშვილის თვითმფრინავთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უნდა გასაჯაროვდეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე პრემიერმინისტ ირაკლი ღარიბაშვილზე TV პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი კერძო მიზნებისთვის გამოიყენა.

"ძალიან დიდი პრობლემაა. თუ რეისის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, ეს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს, რადგან კითხვები ჩნდება საიდან აქვს პრემიერს ამხელა შემოსავალი. ამ საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე პასუხებს მიიღებს საზოგადოება. მით უფრო, რომ პრემიერს მისი შევსება 2024 წელს მოუწევს", - წერს ის.

საიას თავმჯდომარის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პრემიერმა ასეთი მომსახურება მართლაც შეიძინა და სადაც მომსახურების ღირებულებაც უნდა იყოს მითითებული

გარდა ამისა, ქურდოვანიძის თქმით, საჯარო უნდა გახდეს საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც გამოჩნდება, ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი.

გუშინ TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

როგორც გუშინ გაიაშვილმა თქვა, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. მისივე განმარტებით, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის ანზორ ჩუბინიძე [სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი] უკვეთავს.

ამასთან, გაიაშვილის მტკიცებით, მისთვის უცნობია იყო თუ არა ღარიბაშვილის ვიზიტი მიუნხენში პირადი თუ სამსახურებრივი ხასიათის, თუმცა ამავე კონტექსტში მას მაგალითად მოჰყავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ვიზიტი გერმანიაში, რა დროსაც, გაიაშვილის თქმით, სააკაშვილმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.

***

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.