საია: ქუთაისის სააპელაციოს გადაწყვეტილება მორიგი უკანონო, რეპრესიული სამართლებრივი აქტია

საია: ქუთაისის სააპელაციოს გადაწყვეტილება მორიგი უკანონო, რეპრესიული სამართლებრივი აქტია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქუთაისის აღნიშნული გადაწყვეტილება არის მორიგი უკანონო, რეპრესიული და ყოველგვარ სამართლებრივ სტანდარტს აცდენილი სამართლებრივი აქტი, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულებამ არ მისცა მის მიმართ შერჩეული უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს აკისრებდა ვალდებულებას, პირველ რიგში, დასაშვებად ეცნო საჩივარი, შემდგომ კი, მიეღო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით.

"მზია ამაღლობელის ადვოკატების მხრიდან სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა ახალი არსებითი გარემოებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ სასამართლოს გადაეცა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ამსახველი ვიდეომასალა. აღნიშნულით დასტურდებოდა დაკავების უკანონობა. შუამდგომლობას ასევე, დაერთო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ გადმოცემული მასალების მიხედვით, საქმეზე მხოლოდ სამართალდამცავები არიან გამოკითხულნი. სასამართლოს ასევე, გადაეცა მზია ამაღლობელის გამოკითხვის ოქმი.

დაცვის მხარის მიერ საჩივარში მითითებული ახალი არსებითი გარემოებები სრულიად აბათილებს ბრალდების მხარისა და სასამართლოს მიერ განვითარებულ ჰიპოთეტურ დასაბუთებას იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან არსებობს მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რაიმე საფრთხე.

კერძოდ,

- დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ვიდეო მასალა ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს, მას არ მიუყენებია შეურაცხყოფა არცერთი სამართალდამცავისთვის და ასკ-ის 173-ე მუხლით შედგენილი დაკავების ოქმი უკანონოა. შესაბამისად, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებულ საფრთხეზე საუბარი ყალბ დაკავების ოქმზე დაყრდნობით ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია;

- მზია ამაღლობელის გამოკითხვის ოქმი, ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებთან ერთად ქმნის მომხდარის სრულ სურათს. აღნიშნულ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული ის ფაქტიც, რომ საქმეზე მხოლოდ სამართალდამცავები არიან გამოკითხულნი, რომლებზე ზემოქმედებაც შეუძლებელია მოახდინოს ბრალდებულმა. ზემოთქმული არგუმენტები არ ტოვებს თეორიულ საფუძველსაც კი მოწმეებზე ზემოქმედებისა, არათუ მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებით სპეკულაციისთვის. ყოველივე აღნიშნულისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემაც უგულებელყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი.

მსგავსად ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მოსამართლე ლევან ყოლბაია) 14 თებერვლის განჩინებისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ვერა დოლიძეც ასევე, არ მსჯელობს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ არცერთ გარემოებაზე, არ განიხილავს და არ აფასებს მათ. ამასთან, მოსამართლე ასევე არ ასაბუთებს, რატომ მიიჩნია არაარსებითად დაცვის მხარის მიერ წარდგენილი რომელიმე ახალი არსებითი გარემოება/მტკიცებულება. მოსამართლე 17 გვერდიანი განჩინების 14 გვერდს უთმობს დაცვის მხარის საჩივრისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების თეზისების კოპირებას, იგი ბოლო გვერდზე მხოლოდ ერთ აბზაცში სრულიად შაბლონურად და უარგუმენტოდ უთითებს, რომ არ არის წარმოდგენილი ახალი არსებითი გარემოება, რაც შესაძლოა გამხდარიყო პატიმრობის შეცვლის წინაპირობა.

თავად ის გარემოება, რომ დაცვის მხარის არგუმენტების ციტირებას მოსამართლე უთმობს 14 გვერდს, მიუთითებს იმაზე, რომ საჩივარი დასაბუთებული იყო და მოსამართლეს იგი არა თუ უნდა დაეშვა, არამედ უნდა დაეკმაყოფილებინა"- ნათქვამია განცხადებაში.

2025 წლის 13 თებერვალს საიამ ხელახლა მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს, შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.