საია: 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული

საია: 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 2 წლის თავზე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული.

საია 5-6 ივლისის განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული 19 ადამიანის საქმეშია ჩართული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდნენ საგამოძიებო უწყებებთან, მათ შორის, თბილისის პროკურატურასთან, გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, უწყებებში გაგზავნილია 10-ზე მეტი განცხადება/საჩივარი, რომლებზეც რეაგირება ძირითადად ჯეროვნად არ ხდებოდა.

"დღესდღეობით ნათელია, რომ, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელ უწყებას არ აქვს სათანადო ნებელობა, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები. მართალია, გამოძიება, მათ შორის, მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა, მისი მიმდინარეობა კონკრეტული პირების მიმართ ბრალის წარუდგენლობისა და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი, ობიექტური და სათანადოდ ეფექტიანი. საია მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს ხელოვნურად შეეზღუდათ წვდომა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე ორგანიზატორების, ხელმძღვანელების ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირების ნაწილში.

ამასთან, საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა. ამ დრომდე უცნობია დაწყებულია, თუ არა გამოძიება ტვ პირველის ეთერში 2022 წლის 12 ივნისს გასული სიუჟეტის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო"- ნათქვამია განცხადებაში.

საია, მიიჩნევს, რომ მომჩივანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ამსრულებლები, უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ არიან, ხოლო, ზოგ შემთხვევაში არასრულად არიან გამოვლენილნი. ყველა ამ მოთხოვნით, საიამ საგამოძიებო უწყებებს არაერთხელ მიმართა, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებისგან არ მიგვიღია არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.

"საიასთვის ცნობილი ბოლო ინფორმაციით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან გასულია ორი წელი. ეს, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ გამოძიებას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები ამ დრომდე არ აქვს. ამ პერიოდში გარდაცვლილის ოჯახი კვლავ გამოძიების შედეგების მოლოდინშია.

2022 წლის 4 ნოემბერს, საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ თავდასხმების დროს დაზარალებული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) სახელით გააგზავნა საჩივარი. მომჩივანები დავობენ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე.

საჩივარში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 5 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით. ამასთან, საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენები პრაქტიკულად თავადვე წაახალისა. მომჩივნები მიიჩნევენ, ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არიან და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ასოცირდებიან ლგბტ+ თემთან.

ევროპულმა სასამართლომ საჩივარში სადავოდ გამხდარ ევროპული კონვენციის ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა სახელმწიფოს, რისთვისაც პასუხის წარმოსადგენად 2023 წლის 9 მაისამდე განუსაზღვრა ვადა. სახელმწიფოს თხოვნით, სასამართლოს მიერ შეპასუხების ვადა 2023 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივდა. ამ დროისთვის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა და მხარეთა შორის საპასუხო პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც. მათ შორის, 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს"- ნათქვამია განცხადებაში.

***

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და Tbilisi Pride-ის ოფისები, დახიეს ევროკავშირის დროშა და მათ ადგილას რკინის ჯვარი აღმართეს.

5 ივლისის ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისის დილას TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი ნახა.

ძალადობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა. 5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველი იყო.

ადგილზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, მცირე რაოდენობის პოლიციელი იყო მობილიზებული. საქმის ფარგლებში 30-მდე ადამიანი დააკავეს, თუმცა, დაკავებულებს შორის არ ყოფილან ძალადობის ორგანიზატორები - ალტ-ინფოს ლიდერები.

5 ივლისის ძალადობიდან 2 წლის თავზე ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან.