საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მისი "ე.წ. საქმეების ყველა დეტალი" სწორედ ყოფილი მთავარი პროკურორის მიერ ფორმულირდება. მისი თქმით, შემდეგ ეს დეტალები თანხმდება როგორც ბიძინა ივანიშვილთან, ასევე, მოსკოვთან.
"სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი. ის პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კბილაშვილმა უარი თქვა პატრონის დავალების შესრულებაზე და ჩემს წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა. ფარცხალაძემ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იკადრა.
ამის შემდეგ ივანიშვილი იძულებული გახდა ის ე.წ. ბოტასების საქმის გამო მოეხსნა, მაგრამ რეალურად ჩრდილიდან სწორედ ის მართავს პროკურატურასა და სასამართლოს.
ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც. ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც", - აცხადებს სააკაშვილი.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.