
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ანგარიშებიც "ქართულმა ოცნებამ" დააყადაღა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
მათი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი უკანონოა, ლახავს ადამიანის უფლებებს და მიზნად ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლას ისახავს.
NGO-ები აცხადებენ, რომ რეპრესიებისა და ყადაღის მიუხედავად, ისინი საქმიანობას გააგრძელებენ და არ შეწყვეტენ ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისათვის.
"ქართველი ხალხის საზიანოდ შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება.
დღეს, საქართველოს პროკურატურამ, აბსურდული გამოძიების ფარგლებში, დააყადაღა 7 დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებიც აკეთებენ ქართულ საქმეს, ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს, იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავალისთვის. ყადაღის საფუძვლად მითითებულია ის, რომ ჩვენ ვეხმარებოდით და ვეხმარებით მასობრივად ნაწამებ ადამიანებს, სინდისის პატიმრებს, დაჯარიმებულ მოქალაქეებს. უკანონო განჩინება არ შეიცავს რამენაირ ფაქტობრივ დასაბუთებას. მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ შაბლონური ციტატების საფუძველზე მიიღო.
ქართველი ხალხის მტრებს სურთ, რომ აღარ შეგვეძლოს ბავშვების, ქალების, შშმ პირების, სტუდენტების, უკანონოდ დაკავებულების, მშრომელების, ხანდაზმულების უფლებების დაცვა; აღარ ვიკვლევდეთ და ვაშუქებდეთ უსამართლობას, კორუფციას, წამებას, სისტემურ ძალადობას; აღარ ვიცავდეთ მათ სტრასბურგსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში. მათ სურთ არამხოლოდ ევროინტეგრაციის სამომავლო საბოტაჟი, არამედ ქართველი ხალხისთვის უკვე მოპოვებული უდიდესი სიკეთის - უვიზო მიმოსვლის უფლების ჩამორთმევაც.
ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ. ყადაღის, რეპრესიების თუ მუქარების მიუხედავად, ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებით შრომას, სანამ ქართველი ხალხი სამართლისა და სამართლიანობისათვის ყოველდღე იბრძვის. ჩვენ ვიბრძოლებთ ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა კონსტიტუციაში გაწერილი, ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპულ გზას, გავაგრძელებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლას", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პროკურატურის განცხადებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადეს.
დაყადაღებულია “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, „დემოკრატიის მცველების”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”, „საფარისა” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.