ზელენსკი: აშშ-სთან თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ საჭირო სიგნალები მივიღე

ზელენსკი: აშშ-სთან თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ საჭირო სიგნალები მივიღე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მან შეერთებული შტატების მხირდან კიევთან თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობების შესახებ სიგნალები მიიღო.

"დღეს მივიღე საჭირო სიგნალები იმის შესახებ, რომ ამერიკა განიხილავს ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს", - თქვა მან.

ზელენსკის თქმით, მან და ტრამპმა სატელეფონო საუბარში დეტალურად განიხილეს ენერგეტიკული სექტორის მდგომარეობა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები. მან აღნიშნა, რომ ტრამპმა იკითხა კიევისა და სხვა ოლქების მდგომარეობის შესახებ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ენერგეტიკული სექტორი საერთაშორისო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი თემა გახდა.

„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი მხარდაჭერა. მომდევნო დღეებში კიდევ იქნება მოლაპარაკებები. ეს ეხება აღჭურვილობას, რომელსაც ზამთრისთვის ვამარაგებთ და ამჟამად ვიყენებთ იქ, სადაც საჭიროა. ეს ასევე ეხება საჭირო დაფინანსებას. და, რა თქმა უნდა, საჰაერო თავდაცვას. საჰაერო თავდაცვის სისტემებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ დაგივცან, როდესაც ისინი საკმარისი რაოდენობითაა. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ სისტემებისთვის რაკეტები არსებობდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პუტინი ცდილობს, სათავისოდ გამოიყენოს ისრაელში კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებული ყურადღება.

"მსოფლიო ხედავს, რას აკეთებს რუსეთი, როგორ ცდილობს გამოიყენოს ის ფაქტი, რომ მსოფლიო ლიდერების ყურადღება ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესაძლებლობაზეა კონცენტრირებული. არსებობს კარგი შანსი, რომ შეთანხმება იმუშავებს. რაც მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება იქნება ერთ რეგიონში, მით მეტ შესაძლებლობას მისცემს ეს ყველას მსოფლიოში...

სამწუხაროდ, რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ეძებს ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ უფრო ძლიერი იერიშები განახორციელოს", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.