რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სროლაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი დააკავეს.
მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში ავტომატიდან ცეცხლი, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა გახსნა. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში სროლის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 320 მაშველი მუშაობს. ამასთან, ჩართულია 130-ზე მეტი ტექნიკა. ამასთან, მოსკოვმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და ხალხმრავალ ადგილებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება გამოაცხადა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მედვედევის თქმით, თუ თავდასხმაში უკრაინელები არიან დამნაშავე, მათ რუსეთი "სათანადოდ გაუმკლავდება".
რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობაზე "არაფერი მიუთითებს".