
რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ჩებოქსარში, დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა საწარმოო ობიექტზე, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ემსახურებოდა. ცეცხლი გაუჩნდა ქარხანა „ВНИИР-Прогресс“-ს, რომელიც ამზადებდა მოწყობილობებს, რომლებიც რუსეთის არმიის დრონებს უკრაინული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისგან იცავდა.
ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა.
ინფორმაცია თავდასხმის შესახებ ჩუვაშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ოლეგ ნიკოლაევმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელეს, დამატებითი დეტალები კი რუსულ ტელეგრამ-არხ Astra-ზე გამოქვეყნდა.
თავდასხმის შედეგად მსხვერპლი არ არის. როგორც ნიკოლაევი აცხადებს, ყველა შესაბამისი სამსახური „გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს“. თუმცა, თავად ქარხანაში მიყენებული ზიანის შესახებ ოფიციალურ წყაროებში დეტალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.