
რუსეთში, კურსკის ოლქში კიდევ ერთი ხიდი ჩაინგრა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მასზე სატვირთო მატარებელი გადაადგილდებოდა.
გასული 24 საათის განმავლობაში ეს რუსეთში ხიდის ჩანგრევის მეორე შემთხვევაა.
რეგიონის ხელმძღვანელის თანახმად, მატარებლისა და ხიდის ნამსხვრევები საავტომობილო გზას დაეცა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებული მატარებლის მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
პირველი ხიდი ბრიანსკის ოლქში 31 მაისის საღამოს ჩაინგრა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა - დაიღუპა 7 და დაშავდა 90-მდე ადამიანი.
კურსკის ოლქში ხიდის ჩანგრევის შემდეგ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ორივე ხიდი აფეთქებულია და გამოძიება ტერაქტის მუხლით აღძრა.