რუსეთში ამბობენ, რომ კალუგის ოლქში ორი დრონი ჩამოვარდა

რუსეთში ამბობენ, რომ კალუგის ოლქში ორი დრონი ჩამოვარდა

რუსეთში, კალუგის ოლქში დრონების ჩამოვარდნის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ამის შესახებ ტელეგრამ არხზე ოლქის გუბერნატორი, ვლადისლავ შაფშა წერს.

მისი თქმით, ინციდენტი ჟუკოვსკის რაიონში, სოფელ სტრელკოვკას მახლობლად მოხდა და წინასწარი მონაცემებით, მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მოგვიანებით, მან ასევე გაავრცელა ინფორმაცია მეორე დრონის ჩამოვარდნის ადგილის შესახებაც - ის წერს, რომ შემთხვევა მედინსკის ოლქში, ტყეში დაფიქსირდა. გუბერნატორი სხვა დეტალებზე არ საუბრობს და არ აკონკრეტებს, რას უკავშირდება ეს ინციდენტი.

აღსანიშნავია, რომ კალუგის ოლქს არ აქვს საერთო საზღვარი უკრაინასთან. ოლქში დრონების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია 5 ივნისსაც გავრცელდა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა.