რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებს.
"ზაპოროჟიეს კერძო სექტორზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა, 8 წლის გოგო და 35 წლის კაცი. ასევე, სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა 62 წლის კაცი. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 20 ადამიანი", - თქვა ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.