რუსეთი გვიან ღამით "ყირიმის ხიდზე უკრაინის დარტყმის საპასუხოდ" უკრაინის საპორტო ქალაქებს თავს დაესხა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმას "მასობრივი შურისძიება" უწოდა.
"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს ჯგუფური საპასუხო დარტყმა ზუსტი საზღვაო იარაღით იმ ობიექტებზე, სადაც მზადდებოდა ტერორისტული აქტები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ", - ამტკიცებს სამინისტრო.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი თავს დაესხა მიკოლაევსა და ოდესას.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ოდესაში გაშვებული ექვსივე რუსული რაკეტა „კალიბრი“ და ასევე ირანული „შაჰედის“ დრონების „აბსოლუტური უმრავლესობა“ დააკავეს.
17 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე შეჩერდა მიმოსვლა, რადგან "კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში საგანგებო შემთხვევა მოხდა".
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის სპეცოპერაცია იყო, კერძოდ, უკრაინსკა პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ.