
რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთს დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა.
შესაბამისი განკარგულება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
4 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის დიდი ოდენობისა და მისი მოგების მიღების მიზნით გაყიდვის გამო, აშშ "მნიშვნელოვნად გაზრდის" ინდოეთის მიერ გადასახდელ ტარიფებს.
მანამდე, მან მსგავსი განცხადება 30 ივლისს გააკეთა და თქვა, რომ ინდოეთს 25%-იან ტარიფებს და ასევე ჯარიმას დაუწესებდა.
ამ ნაბიჯის მიზეზად, აშშ-ის ლიდერმა სწორედ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობისა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვა დაასახელა.
მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტეს.
ამასთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა დონალდ ტრამპის განცხადებას და ხელი ევროპისკენ გაიშვირა - საგარეომ თქვა, რომ ინდოეთმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა დაიწყო იმიტომ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პროდუქტის "ტრადიციული მარაგი ევროპისკენ გადამისამართდა."