
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილ იერიშს და აცხადებს, რომ ამას "მკაცრად გმობს".
"რუსეთი მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ 22 ივნისის გამთენიისას ირანის რიგ ბირთვულ ობიექტებზე მიტანილ იერიშს, რომელიც ისლამურ რესპუბლიკაზე ისრაელის თავდასხმას მოჰყვა", - ვკითხულობთ საგარეოს განცხადებაში.
რუსეთის საგარეოში აცხადებენ, რომ "უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება - მიიტანო სარაკეტო-ბომბდამშენი იერიში სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როგორი არგუმენტებითაც არ უნდა ახსნა ეს, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს".
რუსეთის თქმით, "განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დარტყმები განახორციელა ქვეყანა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია".
რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოსგან რეაგირებას ითხოვს და გამოდის მოწოდებით, დასრულდეს აგრესია და გაიზარდოს ძალისხმევა, რათა შეიქმნას პირობები სიტუაციის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ.
***
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტზე. თავდასხმა, რომლის შესახებაც თავად დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ტელემიმართვაში და სოციალურ ქსელში, განხორციელდა ფორდოს, ნატანზისა და ისფაჰანის ბირთვულ სადგურებზე.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლებლობების მნიშვნელოვან შეზღუდვას. შეტევაში გამოიყენეს B-2 ტიპის სტელს-ბომბდამშენები და 30-ტონიანი „ბანკერ-ბასტერები“ – GBU-57 ტიპის ბომბები, რომლებიც განკუთვნილია მიწისქვეშა ობიექტების დასაზიანებლად.