
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, იენემელ ჰუსიტებზე იერიში დაუყოვნებლივ შეწყვეტოს და ყველა მხარე პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერია, რომ მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრის დროს სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
"სერგეი ლავროვმა, ამერიკელი წარმომადგენლის [მარკო რუბიოს] არგუმენტების საპასუხოდ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის მიერ ძალის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობასა და ყველა მხარის პოლიტიკურ დიალოგში ჩართვის მნიშვნელობას, რათა იპოვონ გამოსავალი, რომელიც თავიდან აიცილებს შემდგომ სისხლისღვრას", - წერია რუსეთის საგარეოს პრესრელიზში.
***
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა.
„სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა, ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საჰაერო თავდასხმების "გადამწყვეტი და ძლიერი" ტალღა იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ დაიწყო.
"დღეს აშშ-ს არმიას ვუბრძანე, რომ იემენში ჰუსიტი ტერორისტების წინააღმდეგ გადამწყვეტი და ძლიერი ქმედება დაიწყოს. ისინი ამერიკული და სხვა გემების, თვითმფრინავებისა და დრონების წინააღმდეგ მეკობრეობის, ძალადობისა და ტერორიზმის ულმობელ კამპანიას აწარმოებენ", - თქვა ტრამპმა.
ღამის საათებში აფეთქებები იყო იემენის დედაქალაქ სანაასა და ჩრდილოეთ პროვინცია საადაში.
ჰუსიტების ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 101 დაშავდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აღნიშნულ ვითარებას გამოეხმაურა.
"აშშ-ს საქმე არ არის, არც ძალაუფლება აქვს, უკარნახოს ირანს საგარეო პოლიტიკა. ეს ერა 1979-ში დამთავრდა. დაასრულეთ ისრაელური გენოციდისა და ტერორიზმის მხარდაჭერა. დაასრულეთ იემენელი ხალხის ხოცვა", - წერს არაღჩი.