რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილმა უკრაინის 5-მა მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილმა უკრაინის 5-მა მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე მყოფმა უკრაინის ხუთმა მოქალაქემ უვადო შიმშილობა გამოაცხადა. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, სერგეი ლარკომ, გამოცემა „ეხო კავკაზას“ განუცხადა, შიმშილობის მიზეზი „ქართველი მესაზღვრეების უკანონო ქმედებები და მათი უფლებების დარღვევაა“.

ლარკოს თქმით, ის დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უკვე ერთი თვეა იმყოფება. მისივე განმარტებით, ისინი უიმედოდ დარჩნენ – ვერ შედიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვერ აკეთებენ თავშესაფრის მოთხოვნას, ვერ იღებენ იურიდიულ დახმარებას და არ აქვთ თავიანთი დაკავების გასაჩივრების საშუალება.

მოშიმშილეთა მოთხოვნებია: უკრაინელი კონსულის დაშვება, დაკავების მიზეზების განმარტება, საქართველოს დატოვების ან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება, სამედიცინო შემოწმება და „უკანონო დაკავების“ შეწყვეტა. მათი განცხადებით, შიმშილობას არ შეწყვეტენ, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ცნობისთვის, კრემლი რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ უშვებს პატიმრებს, რომლებიც თავდაპირველად გასამართლებული იყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც შემდგომში რუსული ოკუპაციის ქვეშ მოექცა. შემთხვევების უმეტეს ნაწილში ისინი სასჯელს რუსულ პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიდნენ, სადაც ისინი რუსებმა იძულებით გადაიყვანეს.