რუბიო: ადმინისტრაციის მიზანია უკრაინაში ომის ისე დასრულება, რომ 2-4 წელში ახალი არ დაიწყოს

რუბიო: ადმინისტრაციის მიზანია უკრაინაში ომის ისე დასრულება, რომ 2-4 წელში ახალი არ დაიწყოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია უკრაინაში ომის დასრულება ისე, რომ რამდენიმე წელიწადში ახალი ომი არ დაიწყოს. ეს მან CBS Mornings-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"კონფლიქტი უნდა დასრულდეს და აშშ-ის პოლიტიკა მიზნად ისახავს მის დასრულებას. ჩვენ გვსურს გავაკეთოთ შეძლებისდაგვარად ყველაფერი, რათა დავეხმაროთ მის დასრულებაში. ჩვენ ვაპირებთ ჩავდოთ ძალისხმევა, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს სტაბილური გზით, უფრო სწორად, არ გვსურს უბრალოდ კონფლიქტის დასრულება და შემდეგ მისი განახლება ორ, სამ ან ოთხ წელიწადში. ჩვენ გვსურს სტაბილურობის უზრუნველყოფა", - თქვა მან.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ამჟამად იხდის ყველაზე დიდ საფასურს თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურით, "ადამიანებით და დაკარგული სიცოცხლეებით, მილიონი უკრაინელით, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა და საზღვარგარეთ ცხოვრობენ".

მარკო რუბიო ასევე ამბობს, რომ "ყველა უნდა იყოს ბედნიერი" იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, რადგან მას სურს "ხელი შეუწყოს მსოფლიოში მშვიდობას და დაასრულოს ეს კონფლიქტები".

აშშ-ის პრეზიდენტად გახდომის პირველივე დღეს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ანადგურებს რუსეთს იმით, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას არ დებს. მან ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ "დაასრულებს ომს უკრაინაში, თავიდან აიცილებს მესამე მსოფლიო ომს".

დღეს, 22 იანვარს The Hill-მა გაავრცელა დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის თანახმადაც, ის ამბობს, რომ შესაძლოა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე დონალდ ტრამპს პრეზიდენტობა მიულოცა და თქვა, რომ "უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთი ღიაა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის".

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, მან აშშ-ის ახალი პრეზიდენტისთვის დონალდ ტრამპისთვის მილოცვის დროს X-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოველთვის მტკიცეა და "მის მიერ გამოცხადებული მშვიდობის პოლიტიკა იძლევა შესაძლებლობას, გააძლიეროს ამერიკის ლიდერობა და მიაღწიოს გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას, რაც მთავარი პრიორიტეტია".

21 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ისწრაფვის ომის დასრულებისკენ, რომელიც გააჩაღა რუსეთმა, მაგრამ არა უბრალოდ სწრაფად, არამედ, რაც მთავარია - სამართლიანად.